ეპიდემიის გავრცელების ფაქტორები

რა შეიძლება გავითვალისწინოთ ქართულ კონტექსტში?

10 წუთის საკითხავი


პანდემიის გავრცელება და შეკავებაც მრავალ სოციო-დემოგრაფიულ ფაქტორზეა დამოკიდებული, რაც შეიძლება ერთი შეხედვით, მარტივი შესამჩნევი არ იყოს. მეორე მხრივ, რა რესურსებს ფლობს საზოგადოება — ასევე მნიშვნელოვანია. ამ სტატიაში, საქართველოსა და თბილისის მაგალითზე, განვიხილავთ რამდენიმე მათგანს, რომლებმაც შესაძლოა პირიდაპირ ან ირიბად გავლენა იქონიოს ვირუსის გავრცელების მასშტაბებზე. უფრო კონკრეტულად, ვისაუბრებთ სამედიცინო ინფრასტრუქტურაზე, ქალაქის ფიზიკურ-გეოგრაფიულ, დემოგრაფიულ და სოციო-ეკონომიკურ მახასიათებლებზე.

1. სამედიცინო რესურსები

კოვიდ-19-ით გარდაცვალების ან ჰოსპიტალიზაციის სტატისტიკას, ხშირად, დაფიქსირებული შემთხვევების მიხედვით ითვლიან. საავადმყოფოში გადაყვანილთა რაოდენობას ყველა დაფიქსირებულ შემთხვევასთან აფარდებენ. სინამდვილეში, გამოთვლა სწორია, როცა არა დაფიქსირებული, არამედ რეალური შემთხვევების რაოდენობა გამოიყენება, რაც ლოგიკურია. მსგავსი მიდგომით, ჩინეთის შერჩევაზე ჩაატარეს კვლევა (Verity, R. Et al. 2020), სადაც დაინფიცირებულთა რეალური რაოდენობა გამოთვალეს.

რაც უფრო იზრდება ასაკობრივი ჯგუფი, მით მეტია იმის შანსი, რომ დაინფიცირებულ ადამიანს საავადმყოფოში მკურნალობა დასჭირდეს.

რადგან ეს ანალიზი მოდელირებულია და სტატისტიკა მხოლოდ შეფასებაა (ინგლ. estimate), ამიტომ რეალური მაჩვენებლები შეიძლება განსხვავდებოდეს.

თუ ამ კვლევის შედეგებს საქართველოს მოსახლეობაზე გადმოვიტანთ და დავუშვებთ, რომ საქართველოში დაინფიცირებული ადამიანების იმავე პროცენტს დასჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ასეთ სურათს მივიღებთ:

ილუსტრაცია 1. საქართველოს მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდა და ჰოსპიტალიზაციის სავარაუდო პროცენტულობა

მაგალითად, ჩანს, რომ ათ წლამდე ასაკის ბავშვებს ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდებათ, 30-დან 40 წლამდე ასაკის დაინფიცირებული ადამიანების 3.43%-ს სჭირდება კლინიკაში მოთავსება და იგივე საჭიროება 80 წელს გადაცილებულ დაინფიცირებულთა 18.4%-ს ექნება (ილ. 1). თუმცა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, დაავადება მწვავედ, კორონავირუსით დაინფიცირებულების მხოლოდ 5%-ში მიმდინარეობს.

ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში, სამედიცინო რესურსების, მათ შორის საწოლებისა და ექთნების რაოდენობას დიდი მნიშვნელობა აქვს. რადგან არ ვიცით, რამდენი ადამიანი დაინფიცირდება რეალურად, შეგვიძლია ოთხი სცენარი წარმოვიდგინოთ — სრული მოსახლეობის 5%, 10%, 15% და 20% ინფიცირებულთა რაოდენობით და ექთნებისა და საწოლების რაოდენობას შევადაროთ.

ილუსტრაცია 2. ვირუსის გავრცელების და ჰოსპიტალიზაციის ოთხი სავარაუდო სცენარი

საქსტატის 2018 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 16 000 სამედიცინო საწოლია. კერძო კლინიკებთან შეთანხმებით, მათ კიდევ 3 600 საწოლი დაემატება, თუმცა, დღეს მხოლოდ 420 საწოლია მოქმედი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი.

სავარაუდოდ, 16 000 საწოლის მხოლოდ გარკვეული ნაწილია მწვავე შემთხვევების სამართავად, რისი დიფერენციაციის საშუალებასაც საქსტატის მონაცემები არ იძლევა. საჭიროების შემთხვევაში, ყველა ეს საწოლი შესაძლოა ინტენსიური ზრუნვისთვის გადაკეთდეს. საწოლების რაოდენობით, ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, საქართველო უკეთაა მზად.

ექთნების როლი პანდემიასთან გასამკლავებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ისინი არიან შუამავლები დაავადებულებსა და დანარჩენ ჯანდაცვის სისტემას შორის — მორიგეობენ პაციენტებთან, აკვირდებიან მათ მდგომარეობას, ატყობინებენ სხვა სამედიცინო პერსონალს როდის ჭირდება პაციენტს სასუნთქ აპარატზე გადაყვანა და ა.შ.

ილუსტრაცია 3. სამედიცინო საწოლებისა და ექთნების შედარება საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას შორის

თუკი საწოლების რაოდენობით საქართველო ბევრ ევროპულ ქვეყანას უსწრებს, ექთნების რაოდენობით ბევრს ჩამორჩება. დიაგრამაზე (ილ. 3) დატანილია ევროკავშირის, ევროზონის, დიდი შვიდეულის, დიდი ოცეულისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები. საქართველოს ყოველ 1000 მოსახლეზე 4.83 ექთანი ყავს, რაც, დაახლოებით, ოთხჯერ ჩამორჩება ნორვეგიისა და შვეიცარიის მაჩვენებლებს.

თუმცა, კრიზისის პირობებში, ქვეყნების პოლიტიკა და რესურსების მობილიზება იცვლება. შესაბამისად, რადიო თავისუფლების იმავე სტატიაში ნახსენებია, რომ ოჯახის ექიმებისა და სხვა სამედიცინო პერსონალის გადამზადება ხდება. ეს ადამიანები კოვიდ-19-ით დაინფიცირებულებთან იმუშავებენ. ამიტომ მხოლოდ ექთნების სტატისტიკა სრულ სურათს არ გვაძლევს თუ რამდენად ქმედითუნარიანია ქვეყანა, სამედიცინო პერსონალის მხრივ.

2. სივრცითი ასპექტები – თბილისი

ვირუსის გავრცელებასა თუ შეკავებაზე ასევე მნიშნველოვან ზეგავლენას ახდენს განსახლების სოციო-სივრცითი მახასიათებლებიც. მისი ურბანიზებულ არეალებში სწრაფად გავრცელება ერთი შეხედვით, შეიძლება მარტივად ავხსნათ იქ მოსახლეობის მაღალი კონცენტრაციითა და სოციალური კავშირების სიხშირით. სწორედ ამის დასტურია ნიუ იორკის, მადრიდის თუ ჩრდილოეთ იტალიის მაგალითები. თუმცა, ამ ეტაპზე, ასევე არსებობს მაღალი სიმჭიდროვით გამორჩეული აზიური ქალაქების წარმატებული შემთხვევებიც ვირუსის შეკავების მხრივ. ამასთანავე, ამერიკასა და ევროპაში დაბალი სიმჭიდროვის არეალებშიც გამოიკვეთა ვირუსის სწრაფად გავრცელება, რაც უმთავრესად უკავშირდება ამ ადგილების ტურისტულ მიმზიდველობას (ზამთრის კურორტები, სააგარაკე საცხოვრებლები).

ვირუსის გავრცელებამ და მასთან გასამკლავებლად მთავრობების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა ქალაქებში არსებული სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის მთელი სერია, რომელსაც აქამდე, ყოველდღიური ცხოვრების რიტმში ჩართულები არ (ან ვერ) ვამჩნევდით. ამ უთანასწორობის სივრცით განზომილებას კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის ძალების არათანაბარი გადანაწილება პრივილეგირებულთა სასარგებლოდ.
თბილისის კონტექსტში ვირუსის გავრცელების და მისი თანმდევი უთანასწორობის ხელშემწყობი რამდენიმე სოციო-სივრცითი ფაქტორის განხილვაში ქვემოთ მოცემული რუკები დაგვეხმარება.

ილუსტრაცია 4. რამდენიმე სოციო-დემოგრაფიული მახასიათებელი

2.1. სოციო-დემოგრაფიული მახასიათებლები

რუკების პირველი სერია (ილ. 4) ეყრდნობა საქსტატის მიერ 2014 წელს ჩატარებულ მოსახლეობის საყოველთაო აღწერას. ინფორმაცია ვიზუალიზებულია 2000-მდე სააღწერო უბნის მიხედვით.

განაშენიანების განსხვავებული ქსოვილის მიუხედავად, თბილისის უწყვეტ ურბანულ ლაქაში მოსახლეობის სიმჭიდროვე მეტ-ნაკლებად თანაბრადაა გადანაწილებული, საშუალოდან მაღალ კონცენტრაციამდე, როგორც ქალაქის ისტორიულ ნაწილში, ისე საბჭოთა პერიოდში გაშენებულ უბნებში.

ვირუსის გავრცელების ადრეულ ეტაპზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი შესაძლებელია ასევე იყოს შინამეურნეობის (ოჯახის) ზომაც. მცირე ზომის ოჯახში უფრო ნაკლებია ვირუსის გავრცელების ალბათობა მის წევრებს შორის. იტალიის ინფიცირების და სიკვდილიანობის (10%) განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი, სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, თაობებს შორის არსებული მჭიდრო ოჯახური კავშირებიცაა. ამ მხრივ, საგულისხმოა საქართველოს შემთხვევა, ქართულ რეალობაში გავრცელებული მრავალთაობიანი ოჯახების გათვალისწინებით. ამირან გამყრელიძის ერთ-ერთი მთავარი მოწოდებაც საოჯახო შეკრებების შემცირებისკენ სწორედ ამ რისკზე მიუთითებს. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში შინამეურნეობის საშუალო ზომა 3.26-ს შეადგენს, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს ოდნავ ჩამოუვარდება (3.34).

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის შესახებ ამ დროისთვის ზოგადად, საკმაოდ მცირე ინფორმაცია არსებობს, გარდაცვალების სტატისტიკის მიხედვით, განსაკუთრებით მაღალ რისკ ჯგუფს განეკუთვნებიან ასაკოვანი და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები. მსოფლიოს მასშტაბით, თვალშისაცემია სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი მამაკაცებში, რომელიც შემთხვევათა დაახლოებით 2/3-ს შეადგენს.

ამ დროისთვის, საქართველოში ვირუსით სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და ქრონიკული დაავადებების შესახებ არსებული არასრული ინფორმაცია ვერ მოგვცემს ადგილობრივ კონტექსტში ამ რისკების და მათი სივრცითი განზომილების სრულყოფილად შეფასების შესაძლებლობას. ამ პირობებში, შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ კვლავ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემების მიხედვით.

საქართველოს მოსახლეობის 52%-ს ქალები შეადგენენ. მათი რაოდენობა შედარებით მაღალია თბილისში — 55%. დემოგრაფიული პირამიდა (ილ. 1) გვიჩვენებს, რომ ეს პროპორცია შენარჩუნებულია 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაშიც. ხოლო, როგორც გენდერული განაწილების რუკაზე ჩანს (ილ. 4), ქალაქის მჭიდროდ განაშენიანებულ ნაწილში, ამ ასაკის მოსახლეობაში ქალთა ხვედრითი წილი საგრძნობლად მაღალია. სიმჭიდროვის კლებასთან ერთად კი მათი წილი იკლებს საერთო მოსახლეობაში. ხანშიშესული მამაკაცები ქალებს მხოლოდ მცირე რაოდენობის პერიფერიულ დასახლებებში ჭარბობს.

თუკი სამი ასაკობრივი ჯგუფის (0–17, 18–64 და 65+ წლის) განაწილების მიხედვით ვიმსჯელებთ, ქალაქის ცენტრალური უბნები (კალა, ორთაჭალა, ჩუღურეთი, მთაწმინდა, სოლოლაკი, ვერა, ვაკე და საბურთალო) გამოირჩევა ასაკოვანი მოსახლეობის (65+ წელი) კონცენტრაციით. ხოლო ეკონომიკურად აქტიური (18–64 წელი) და არასრულწლოვანი (0–17 წელი) მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ცენტრისგან მოშორებით, პერიფერიულ უბნებშია კონცენტრირებული (ისანი, სამგორი, თემქა, გლდანი, დიღომი).

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვირუსის გავრცელების თავისებურებებმა და მის შესაკავებლად მიღებულმა ზომებმა, მნიშვნელოვნად გამოააშკარავა ქალაქებში არსებული სოციალური სეგრეგაციის სივრცითი ასპექტი. მაგალითისთვის, ნიუ-იორკში, მდიდრებსა და ღარიბებს შორის ვირუსით დაინფიცირება განსაკუთრებით მაღალია ამ უკანასკნელთა შორის. ამასთანავე, ამერიკულ ქალაქებში ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მეტი შემთხვევა აფრო-ამერიკულ მოსახლეობაში ფიქსირდება. მადრიდში, საყოველთაო კარანტინის გამოცხადებამდე, მომსახურების სფეროსა თუ ფიზიკურ შრომაში ჩართულთათვის, შეუძლებელი იყო სახლში საკუთარი ნებით დარჩენა და სამსახურზე უარის თქმა. შესაბამისად, მათ უწევდათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა და სოციალური ინტერაქცია. შედეგად, ძირითადად, მუშათა კლასით დასახლებულ უბნებში აღინიშნება დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა.

2.2. სივრცითი მობილობა

საქართველოში (და მეტწილად, თბილისში), ჯერ კიდევ პირველი შემთხვევების გამოვლენის შემდეგ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ეტაპობრივად გადავიდა დისტანციურ მუშაობასა თუ სწავლაზე. თუმცა, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა მომსახურების სფეროში დასაქმებული პირებისთვის, რომლებსაც საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობის რისკის ფასად უწევდათ სამსახურში ჩვეულებრივი განრიგით სიარული. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და შემდგომში, ეტაპობრივად გაუქმებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი დამატებით დაბრკოლებად იქცა ფიზიკურ შრომაში ჩართული ადამიანებისთვის სახლიდან სამსახურში მისასვლელად. ასეთ პირობებში, კერძო ავტომობილსა თუ ინტერნეტზე წვდომა უკვე პრივილეგიად იქცა.

თბილისის შინამეურნეობების სატრანსპორტო კვლევის მიხედვით, 2016 წელს, შინამეურნეობათა მხოლოდ 42%-ს ჰყავდა მინიმუმ ერთი ავტომობილი. ამასთანავე, თბილისი არ გამოირჩევა მოსახლეობის მაღალი ყოველდღიური მობილურობით (ვირუსის გავრცელების უმთავრესი ფაქტორი) სხვა ევროპულ ქალაქებთან შედარებით — მოსახლეობის 35% არანაირ გადაადგილებას არ ასრულებს დღიური სიხშირით, ხოლო 55% მხოლოდ სავალდებულო გადაადგილებას (სახლი-სამსახური, უნივერსიტეტი და ა.შ.) ასრულებს (შედარებისთვის, პარიზში ეს მაჩვენებელი 38% შეადგენს).

ქალები კაცებთან შედარებით გაცილებით ნაკლებად მობილურები არიან და მეტად იყენებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. 50 წელს გადაცილებული ქალების 50% დღის განმავლობაში არანაირ გადაადგილებას არ ახორციელებს. ქალებისთვის ავტომობილზე ხელმისაწვდომობაც გაცილებით შეზღუდულია. ამავე კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით შედგენილი ორი რუკა (ილ. 5) კი წარმოადგენს ერთი მხრივ, შინამეურნეობების ფიზიკური (ავტომობილი) და ვირტუალური (ინტერნეტი) მობილობის ფორმებზე მისაწვდომობის, ხოლო მეორე მხრივ, ფიზიკურ და საოფისე შრომაში ჩართული ინდივიდების განაწილებას ქალაქის მასშტაბით. ანალიზის სივრცითი ერთეული ამ შემთხვევაში კვლევის მიერ 300-ზე მეტ მიკროზონად დაყოფილი ქალაქია, რომლებიც არ ემთხვევა რაიონულ თუ უბნის საზღვრებს.

ილუსტრაცია 5. წვდომა ავტომობილსა და ინტერნეტზე შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ფიზიკური და ვირტუალური მობილობის შესაძლებლობის მანიშნებლად, ისევე როგორც ფიზიკური და საოფისე შრომა

პირველ რუკაზე მუქი ტონალობის ლაქა აღნიშნავს კონკრეტულ მიკროზონაში მცხოვრები შინამეურნეობებისთვის ერთდროულად, კერძო ავტომობილსა და ინტერნეტზე მაღალ წვდომას, წითელი ტონალობის ლაქა მხოლოდ ავტომობილზე, ხოლო ლურჯი ტონალობის ლაქა მხოლოდ ინტერნეტზე წვდომას. ამ ორი ცვლადის გაერთიანებით, იკვეთება რამდენიმე „კუნძული“, რომელიც კარგად არის უზრუნველყოფილი როგორც ავტომობილით, ასევე ინტერნეტით და შესაბამისად, დანარჩენ ქალაქთან შედარებით, უფრო მსუბუქად გაუმკლავდება ფიზიკურ მობილობასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს. ამასთანავე, ქალაქის ცენტრალური არეალი საკმაოდ შერეულია, სადაც ჩანს როგორც ავტომობილსა და ინტერნეტზე კარგი წვდომა, ასევე მისი ნაკლებობა. თითქმის ანალოგიური სურათი თვალშისაცემია ქალაქის პერიფერიულ უბნებშიც. აქ, როგორც ჩანს, უფრო მეტს აქვს ინტერნეტზე წვდომა, ვიდრე კერძო ავტომობილზე, თუმცა არსებობს გამონაკლისი არეალებიც.

საგანგებო მდგომარეობის შედეგად გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები, ყველაზე მეტად ფიზიკურ შრომაში ჩართული ადამიანებისთვის იქნება უარყოფითი ეფექტის მომტანი, ვიდრე მათთვის, ვისაც დისტანციურად შეუძლია იმუშაოს და შესაბამისად, შეინარჩუნოს სამსახური და მუდმივი შემოსავალი. ამ მხრივ, აშკარად თვალშისაცემია ქალაქის ორ ნაწილად გაყოფა — ცენტრალურ რაიონებში შესამჩნევად მაღალია საოფისე საქმიანობასთან დაკავშირებული პროფესიების მქონეთა კონცენტრაცია, მაშინ როდესაც ისეთ რაიონებში, როგორიცაა ისანი, სამგორი და გლდანი, მეტად მაღალია ფიზიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული პროფესიების მქონე ადამიანების რაოდენობა. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ძირითადი ეკონომიკური საქმიანობა თავმოყრილია ქალაქის ცენტრში, გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები ყველაზე მეტად მოსახლეობის ამ უკანასკნელი ჯგუფისთვისაა განსაკუთრებული საფრთხის შემცველი პანდემიის პერიოდში (და არა მხოლოდ) სოციო-სივრცითი გარიყულობის კუთხით.

2.3. კომპაქტური ქალაქი და “ეკლესიის კლასტერი”

მიუხედავად იმისა, რომ მჭიდრო განაშენიანება ხელშემწყობი ფაქტორი შეიძლება იყოს ვირუსის სწრაფად გავრცელებაში, იგი ამავდროულად ამარტივებს კიდეც ცხოვრებას ამ არეალში მცხოვრებთათვის. ასეთ გარემოში სასიცოცხლოდ აუცილებელი ურბანული ფუნქციები მეტწილად, ფეხით სავალ მანძილზეა თავმოყრილი. შესაბამისად, მობილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, გარკვეულწილად ამსუბუქებს ქალაქის ფიზიკური ფორმა და განაშენიანების სიმჭიდროვე.

ილუსტრაცია 6. კომპაქტური ქალაქი და ფიზიკური მისაწვდომობა

კომპაქტურობის რუკა (ილ. 6) გვიჩვენებს, რამდენად მჭიდროა ურბანული ქსოვილი თბილისის განაშენიანების უწყვეტი ლაქის საზღვრებში. მისაწვდომობის ინდექსი (ინგლ. reach index) სივრცითი სინტაქსის ერთ-ერთი ელემენტია და ზომავს ურბანული სივრცის შეკავშირებულობას განაშენიანების სამი ძირითადი კომპონენტის, ქუჩათა ქსელის, გზაჯვარედინებისა და შენობების მიხედვით. თბილისის შემთხვევაში, ეს ინდექსი გამოვთვალეთ მაქსიმუმ 600 მეტრი საფეხმავლო მანძილზე. უფრო გასაგები რომ იყოს, ეს ნიშნავს, ქალაქის უწყვეტი განაშენიანების საზღვრებში ნებისმიერ ადგილას მყოფი ინდივიდისთვის რამდენად მაღალია ალბათობა ფეხით, მაქსიმუმ 600 მეტრის გავლის შემთხვევაში სხვადასხვა ურბანული ფუნქციამდე მიაღწიოს. სიურპრიზს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მაღალი კომპაქტურობით გამოირჩევა ქალაქის ისტორიული ცენტრი და ეს მაჩვენებელი ტალღისებური ეფექტით იკლებს გარეუბნების მიმართულებით. ცენტრში, ქუჩათა ქსელი ხშირია, ხოლო შენობები ერთმანეთთან უფრო ახლოსაა. საბჭოთა მოდერნისტული გარეუბნები კი გამოირჩევა ერთმანეთისგან დაშორებული, თუმცა ასევე მაღალი სიმჭიდროვის მქონე საცხოვრებელი კორპუსებით, განაშენიანების მიკრორაიონული პრინციპით, რომლებიც ერთმანეთთან ნაკლებად მჭიდრო ქუჩათა ქსელითაა დაკავშირებული.

ურბანული ფუნქციების სისტემატიზებული მონაცემების არარსებობის პირობებში, ღია მონაცემებზე დაყრდნობით (OSM), ასევე გამოვითვალეთ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ფუნქციონირებადი (ქსელური) აფთიაქებისა და სუპერმარკეტების საფეხმავლო მანძილზე (მაქსიმუმ 500 მეტრი) ხელმისაწვდომობა (ილ. 6). მანქანით გადაადგილების აკრძალვის პირობებში კი ეს განსაკუთრებით აქტუალურია ასაკოვანი მოსახლეობისთვის. როგორც დემოგრაფიული ანალიზისას ვნახეთ, მათი მნიშნველოვანი ნაწილი სწორედ ქალაქის მჭიდროდ განაშენიანებულ უბნებში ცხოვრობს.

საქართველოში ვირუსის გავრცელების პერიოდიდან აქტუალურია ეკლესიის დამოკიდებულება და მისი ურთიერთობა სახელმწიფოსთან. ეპიდემიის გავრცელების მაღალი რისკების მიუხედავად, საპატრიარქოს მხრიდან ღვთისმსახურების წესების შეუცვლელად გაგრძელების გამო, სახელმწიფო იძულებული გახდა გაემკაცრებინა გადაადგილებაზე შეზღუდვა და რამდენიმე დღით საერთოდ აეკრძალა კერძო ავტომობილით გადაადგილება ქვეყნის მასშტაბით. ამ პირობებში, ეკლესიისგან მოშორებით მცხოვრებთ გაუჭირდებათ წირვაზე მისვლა რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ვირუსის სავარაუდო გავრცელების მასშტაბებს. სივრცითი ასპექტი აქაც თვალსაჩინოა. ეკლესიების მისაწვდომობის რუკას, სხვაგვარად „ეკლესიის კლასტერის“ სივრცითი გამოსახულებაც შეგვიძლია ვუწოდოთ.

3. დასკვნა

როგორც ვხედავთ, ქალაქში ვირუსის გავრცელებაზე, ასაკის, სქესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გარდა, ისეთი გარე ფაქტორებიც მოქმედებს, რომელსაც შესაძლოა საერთოდ არც კი დავუფიქრდეთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. მისი გავრცელების ხასიათის და საპასუხოდ მიღებული ზომები კი პირდაპირ აისახება თითოეული მოქალაქის ცხოვრების ხარისხზე და თვალსაჩინოს ხდის ქალაქში არსებულ სოციო-სივრცით სტრატიფიკაციას.

აქ ნახსენები რამდენიმე ასპექტი ნამდვილად ვერ ასახავს სრულყოფილ სურათს იმის შესახებ, თუ რამ შეიძლება შეუწყოს ან შეუშალოს ხელი ვირუსის მასშტაბურ გავრცელებას, თუმცა შესაძლებელია დავფიქრდეთ როგორ საზოგადოებაში და ქალაქში გვინდა ცხოვრება.

ისტორიულად, ეპიდემიებმა დიდი გავლენა იქონია ქალაქად და ზოგადად, საზოგადოებრივი ცხოვრების წესის შეცვლაზე. ეს აუცილებლად მოხდება ამ შემთხვევაშიც და ამჟამინდელი მტკივნეული გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ მომავლის ქალაქის შექმნაში.


ავტორები

ირაკლი ქავთარაძე

R, ადამიანის ქცევის ახსნა ევოლუციური თეორიებითა და დიდი მონაცემებით

გიორგი კანკია

GIS & Python, ურბანული ქსელები, ინფრასტრუქტურა და ქალაქის ყოველდღიური ცხოვრება

ლიკა ჟვანია

GIS, R & Python, კარტოგრაფია, მონაცემთა ანალიზი და ვიზუალიზაცია


მოგწონს რასაც ვაკეთებთ?

გამოხატე მხარდაჭერა

გარეკანზე გამოყენებული ფოტო: მგზავრების დეზინფექცია მცხეთის რკინიგზის სადგურზე ესპანური გრიპის პანდემიის დროს. წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

მასალის გამოყენების შემთხვევაში, იხელმძღვანელეთ ციტირების წესების მიხედვით

0