საპატრიარქოს საქართველო

რელიგიური ინსტიტუტი თუ რელიგიური კორპორაცია?

8 წუთის საკითხავი


* ვიზუალების სანახავად ოპტიმალურია Chrome ვებ-ბრაუზერი

1. შესავალი

საქართველოს კონსტიტუციით, სახელმწიფო რელიგია განსაზღვრული არ არის. აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება ყოველი ადამიანის უფლებად მიიჩნევა (მუხლი 16). თუმცა, სახელმწიფო აღიარებს (მუხლი 8) მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან. ეკლესიის ისტორიული როლი კი ითარგმნება სოლიდურ ფინანსურ რესურსებში სახელმწიფოს მხრიდან. საქართველოს საპატრიარქო ყოველწლიურად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბოლო ათეული წელია, ეს დაფინანსება 25 მლნ ლარს შეადგენს, თუმცა განსაკუთრებული ზრდა 2002-2009 წლებში დაფიქსირდა, როდესაც დაფინანსება 0.86 მლნ ლარიდან 26.39 მლნ ლარამდე გაიზარდა. 2022 წლის საბიუჯეტო კანონი ასევე 25 მლნ ლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

პირდაპირი დაფინანსების გარდა, სახელმწიფო ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია დაფინანსებებისა და გრანტების გამოყოფა სასულიერო სწავლების ცენტრებისთვის, უნივერსიტეტებისა და პანსიონატებისთვის. ასევე, საპატრიარქოს ტელევიზიის სუბსიდირების ღონისძიებები.

25 მლნ ლარის გარდა, საპატრიარქოს დაფინანსება გამოეყოფა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან და მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქებისგანაც. მაგალითად, თბილისის მუნიციპალიტეტი, მის საზღვრებში არსებულ ეკლესიებს ყოველწლიურად, საშუალოდ 1.5 მლნ ლარით აფინანსებს. მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები იხარჯება ეკლესია-მონასტრების გარშემო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

დაფინანსების მიზნობრიობა ხშირ შემთხვევაში დაუსაბუთებელია, ხოლო ხარჯვის პროცესი არ არის გამჭვირვალე, რაც ეწინააღმდეგება სამართლიანი სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებს.

ყოველწლიური დაფინანსების გარდა, აღსანიშნავია აგრეთვე უძრავი ქონების ის მოცულობა, რომელსაც საპატრიარქო ფლობს ან დროებით განკარგავს. ამ პოსტში, სწორედ ამ ქონების სივრცით ანალიზს შემოგთავაზებთ და გაგაცნობთ, თუ რამდენს, სად და რა სტატუსით ფლობს საპატრიარქო.

2. ანალიზი

2.1. რეგიონები და მუნიციპალიტეტები

საპატრიარქოს საკუთრებაში არსებული მიწების საერთო ფართობი 5 990 ჰა შეადგენს და ქალაქ ქუთაისზე (5 693 ჰა) ოდნავ დიდ ტერიტორიას მოიცავს. ქვემოთ მოცემული ილუსტრაცია 1 ასახავს საპატრიარქოს მიწების განაწილებას რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების დონეზე. რეგიონების მიხედვით, ყველაზე დიდი წილი მოდის ქვემო ქართლსა (32.3%) და კახეთზე (28.7%). მათ მოსდევს სამეგრელო-ზემო სვანეთი, შიდა ქართლი და სამცხე ჯავახეთი. ამ რეგიონებზე, ჯამში საპატრიარქოს მიწების 30.4% მოდის.

ილუსტრაცია 1. საქართველოს საპატრიარქოს საკუთრება რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით.

მუნიციპალიტეტების მიხედვით, საკუთრების ყველაზე დიდი ნაწილი თავმოყრილია თეთრიწყაროში, რაც მათ მფლობელობაში არსებული მიწების საერთო ფართობის 26.1%-ს წარმოადგენს. მას მოსდევს მარტვილი (9.8%), ყვარელი (8.1%), დედოფლისწყარო (7.8%) და გორი (7.2%)

საპატრიარქო დედაქალაქში ფლობს 126.1 ჰა-ს, რაც საკუთრების საერთო ფართობის 2.1%-ია. თბილისის რაიონებს შორის, საკუთრების ყველაზე დიდი წილი თავმოყრილია ისნის (36.2 ჰა) და მთაწმინდის (27.1 ჰა) რაიონებში, რაც ქალაქში არსებული საკუთრების 28.7% და 21.5%-ია, შესაბამისად. მათ მოსდევს თითქმის თანაბარი მაჩვენებლებით გლდანი (14.4 ჰა), ნაძალადევი (13.4 ჰა) და კრწანისი (12.7 ჰა). საკუთრების განაწილების ყველაზე მცირე მაჩვენებლები ვაკისა (2.6 ჰა) და ჩუღურეთის (2.7 ჰა) რაიონებშია წარმოდგენილი.

ქვემოთ მოცემული ინტერაქციული რუკა ამარტივებს სხვადასხვა კომპონენტზე დაკვირვებას. აქ დატანილია სამი ძირითადი მაჩვენებელი — საკუთრებაში არსებული მიწების საერთო ფართობი, მიწის ტიპი და მიწის გადაცემის ფორმა. მონაცემები წარმოდგენილია მუნიციპალიტეტების მიხედვით.

რუკაზე მაუსის გადატარებისას, ატრიბუტული ფანჯარა იძლევა დეტალურ ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულზე. რუკის სანახავად ასევე შეგიძლიათ დააკლიკოთ აქ

თვალსაჩინოა, რომ საპატრიარქოს საკუთრების უდიდესი ნაწილი თავმოყრილია აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო დასავლეთ საქართველოში, საკუთრების განაწილება მუნიციპალიტეტების მიხედვით მკაფიო კონტრასტებით გამოირჩევა. საკუთრების მცირე მაჩვენებლებით გამოირჩევა მაღალმთიანი მუნიციპალიტეტები.

პროპორცია (%) მიუთითებს მუნიციპალიტეტის მთლიანი ტერიტორიის რა ნაწილს ფლობს საპატრიარქო. ამ მხრივ, ყველაზე მეტად გამოირჩევა თეთრიწყარო, სადაც საპატრიარქოს საკუთრებაში არსებულ მიწებზე მოდის მთლიანი მუნიციპალიტეტის 1.32%, ასევე, მარტვილი (0.63%) და ყვარელი (0.5%).  

2.2. მიწის ტიპები (დანიშნულება)

საპატრიარქოს საკუთრებაში არსებული მიწები, დანიშნულების მიხედვით, იყოფა სამ ნაწილად: არასასოფლო-სამეურნეო, სასოფლო-სამეურნეო და ტყე. საკუთრების ყველაზე დიდი წილი, 3 504.7 ჰა მოდის სასოფლო-სამეურნეო ტიპის მიწებზე, რაც საერთო საკუთრების ფართობის 58%-ია. ტყეს 1 852.8 ჰა ფართობის ტერიტორია უკავია (31%), ხოლო არასასოფლო-სამეურნეო მიწებზე მოდის საერთო საკუთრების 11%, ანუ 632.4 ჰა. სასოფლო-სამეურნეო მიწების უდიდესი ნაწილი ქვემო ქართლში გვხვდება. ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთზე, შიდა ქართლსა და კახეთზე.

ილუსტრაცია 2 დაწვრილებით აჩვენებს მიწების ტიპების განაწილებას რეგიონების მიხედვით.

არასასოფლო-სამეურნეო მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი ძირითადად შიდა ქართლსა და თბილისშია წარმოდგენილი. მუნიციპალიტეტების მიხედვით კი გამოირჩევა თბილისი, ქარელი და ზესტაფონი.

ილუსტრაცია 2. საპატრიარქოს საკუთრების განაწილება რეგიონებისა და მიწის ტიპების მიხედვით

რაც შეეხება ტყეს, საპატრიარქო ტყის უდიდეს ნაწილს ფლობს კახეთში. ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა დედოფლისწყარო (463.5 ჰა) და ყვარელი (426 ჰა), რომელთაც, ასევე მაღალი მაჩვენებლებით, მოსდევს ახმეტა (259 ჰა) და თელავი (194 ჰა). საპატრიარქო ტყის გარკვეულ ნაწილს ფლობს აგრეთვე სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებშიც. უფრო დეტალური დაკვირვებისთვის, გამოიყენეთ ინტერაქციული რუკა.  

2020 წელს, საქართველოს ტყის კოდექსში შეტანილი ცვლილების შედეგად მოსალოდნელია, რომ საპატრიარქოს საკუთრებაში გაცილებით მეტი ტყე აღმოჩნდეს, ვიდრე აქ არის მოცემული. საპატრიარქოსთვის ტყის კოდექსის თანახმად მინიჭებულ უპირატესობაზე და პოტენციურ ტყის რესურსზე იხილეთ ვრცლად.   

2.3. მიწის გადაცემის ფორმები

მიწის გადაცემის ფორმების ანალიზი საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ შევხედოთ, საპატრიარქო რა საშუალებით აგროვებს უძრავ ქონებას. ილუსტრაცია 3 ასახავს ქონების გადაცემის ყველაზე გავრცელებულ ფორმებს, როგორც ზოგად, ისე რეგიონულ ჭრილში. უფრო დეტალური სივრცითი დაკვირვება ასევე შესაძლებელია ზემოთ მოცემული ინტერაქციული რუკით.

ილუსტრაცია 3. საპატრიარქოს საკუთრების გადაცემის ფორმები რეგიონების მიხედვით

თვალსაჩინოა, რომ საპატრიარქომ საკუთრების უდიდესი ნაწილი მიიღო უსასყიდლოდ და დროებით სარგებლობაში გადაცემის ფორმებით, რაც შესაბამისად, საერთო ფართობის 40% და 36%-ია. კონსტიტუციური შეთანხმებით (საეკლესიო ნაგებობები და მიწის ნაკვეთები, რომლებზეც ისინია განლაგებული) მიღებული მიწის ფართობი წარმოადგენს 11%-ს, შეწირულებით — 7.9%, ხოლო სიმბოლურ ფასად შეძენილი — 3.5%.  

საპატრიარქოს, თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მხოლოდ 1.4% აქვს მიღებული უშუალოდ შესყიდვის სახით (კერძო პირისგან შესყიდვა, გაცვლით მიღებული, საბაზრო ფასად შეძენა).  

რეგიონების მიხედვით, საპატრიარქოს უსასყიდლოდ მიწის უდიდესი ნაწილი გადაეცა ქვემო ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. დროებით სარგებლობაში გადაცემული ნაკვეთების უმეტესი ნაწილი კახეთშია.  

2.4. საკუთრების გადაცემის ქრონოლოგია

საპატრიარქოსთვის საკუთრების გადაცემა 1979 წლიდან იწყება, როდესაც მან 0.05 ჰა მიწა მიიღო შემოწირულობით. ცნობისთვის, ილია II საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წელს აირჩიეს. 1988 წლისთვის, შემოწირულებით გადაცემული მიწის რაოდენობა დაახლოებით, 20 ჰა-ს შეადგენდა. 1991 წლიდან დღემდე კი საპატრიარქოს უძრავი ქონება სისტემატურად მატულობს, თუ არ ჩავთვლით, 1996 წელს. ყველაზე დიდი ნამატი 1991 წელს ფიქსირდება, როდესაც ამ ინსტიტუციამ 1 437 ჰა მიწა მიიღო, საიდანაც 1 383 ჰა უსასყიდლოდ გადაეცა. 1992 წელს, ასევე უსასყიდლოდ გადაეცა 522 ჰა მიწა. შემდეგი დიდი ნამატი შეინიშნება 2007 წელს — 1 096 ჰა, ძირითადად დროებითი სარგებლობის, უსასყიდლოდ გადაცემის და კონსტიტუციური შეთანხმების წყალობით. 2008 წელს გადაცემული მიწის ფართობი კიდევ უფრო გაიზარდა და 1 338 ჰა შეადგინა, უმეტესწილად დროებით სარგებლობაში გადაცემის ფორმით. საკუთრების გადაცემა გრძელდება შემდგომ პერიოდშიც, გარკვეულ წლებში ზრდის ტენდენციებით. ილუსტრაცია 4 გვიჩვენებს უძრავი ქონების შეგროვების ქრონოლოგიას.

ილუსტრაცია 4. უძრავი ქონების გადაცემის ქრონოლოგია

3. ბოლო სიტყვა

მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის თანახმად ეკლესია სახელმწიფოსგან დამოუკიდებელია, მისი ყოველწლიური ფინანსური დახმარებითა თუ უძრავი ქონებით გამდიდრება, მიანიშნებს სახელმწიფოსა და საპატრიარქოს ურთიერთდამოკიდებულებაზე. ქართული ეკლესიის განსაკუთრებული ისტორიული როლი დღეს, საპატრიარქოს ბალანსზე არსებულ სოლიდურ უძრავ ქონებაში ითარგმნება.

“ქართველობისა” და მართლმადიდებლობის გაიგივებითა და ქრისტიანულ ქადაგებას ამოფარებული, მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეგროვების ტენდენციაზე დაკვირვებით, ნათლად ჩანს თუ როგორ იქცევა რელიგიური ინსტიტუცია მოგებაზე ორიენტირებულ კორპორაციად.


მეთოდები და მონაცემები

საპატრიარქოს საკუთრების სივრცითი ანალიზი და ვიზუალიზაციები ეყრდნობა დამუშავებულ მონაცემებს საპატრიარქოს ქონების შესახებ. მონაცემები აერთიანებს ინფორმაციას საკადასტრო ერთეულის ფართობის, საიდენტიფიკაციო კოდის, რეგიონის, მუნიციპალიტეტის, მიწის ტიპის, გადაცემის ფორმის, ფასის და დარეგისტრირების თარიღის შესახებ. ნედლი მონაცემები დამუშავებულია სტატისტიკურად და აგრეგირებულია მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების ფარგლებში.

ნედლი მონაცემები:

1. მეტრეველი, თ., ბაქრაძე, ნ., ასათიანი, ი., იუსუბოვა, ა., ღოღობერიძე, მ., ბრეგაძე, ნ., ბასილაია, ე. (2021). საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტერიტორია. ინდიგო, სენტ გალენის უნივერსიტეტი. http://toc.ge/

2. საქართველოს ადმინისტრაციული საზღვრების გეოგრაფიული მონაცემები ეყრდნობა საქსტატს.  


ავტორი

ლიკა ჟვანია

GIS, R & Python, კარტოგრაფია, მონაცემთა ანალიზი და ვიზუალიზაცია


მოგწონს რასაც ვაკეთებთ?

გამოხატე მხარდაჭერა

მასალის გამოყენების შემთხვევაში, იხელმძღვანელეთ ციტირების წესების მიხედვით

2