ვაკანსიების ანალიზი

საქართველოში არსებული ვაკანსიების კატეგორიზაცია და გეოგრაფიული ანალიზი

2 წუთის საკითხავი


ბოლო წლების განმავლობაში, მომრავლდა ქართული ვებგვერდები, სადაც ვაკანსიების შესახებ განცხადებები ქვეყნდება (jobs.ge, hr.ge, ss.ge, myjobs.ge და ა.შ.). კონკურენცია ამ კომპანიებს შორის იზრდება, შესაბამისად მათ სჭირდებათ საკუთარი საიტების პოპულარიზაცია და სასურველ აუდიტორიამდე მათ შესახებ ინფორმაციის მიტანა.

საჭირო აუდიტორიის განსასაზღვრად, კომპანიებს შეუძლიათ გააანალიზონ მათ საიტებზე განთავსებული ვაკანსიების სიხშირე და გადაწყვიტონ, კლიენტის მოსაზიდად, რომელ კომპანიებზე სჯობს მეტი რესურსების დახარჯვა.

ილუსტრაცია 1. hr.ge-ზე არსებული ვაკანსიების ტოპ 10 კატეგორია (აბსოლუტური რიცხვები)

jobs.ge-ს მონაცემების მიხედვით გაანალიზებული ტექსტის ‘სიტყვების ღრუბელი’ აჩვენებს, რომ სიტყვა მენეჯერი (და შესაბამისად, იგივე პოზიცია) ყველაზე ხშირად მეორდება საიტზე განთავსებული ვაკანსიების დასახელებაში (ილუსტრაცია 2).

ილუსტრაცია 2. jobs.ge-ზე განთავსებულ ვაკანსიებში ყველაზე ხშირად განმეორებადი სიტყვები

ხშირად განმეორებად სიტყვებთან ერთად, მოცემულია ის სიტყვები, რომლებიც მათთან ყველაზე ხშირად გვხვდება კომბინაციაში (ილუსტრაცია 3). კონკრეტული პოზიციას მრავალი პროფილი გააჩნია, რასაც მიმართულება განსაზღვრავს. მაგალითად, მენეჯერი შეიძლება იყოს, როგორც გაყიდვების, ისე — მედიის. ჩანს, რომ მენეჯერთან ყველაზე ხშირად სიტყვა ‘გაყიდვების’ გვხვდება, ანუ გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ყველაზე მეტი ვაკანსიაა.

ილუსტრაცია 3. ყველაზე ხშირად კომბინირებული სიტყვები ვაკანსიების გამოცხადებისას jobs.ge-ზე

ამ საიტის ადმინისტრატორებისთვის ისეთი აუდიტორიის არჩევაა უპირატესი, რომელიც ჩამოთვლილ პოზიციებზე უფრო ხშირად აცხადებს ვაკანსიას.

მეთოდები და გეოგრაფიული ანალიზი
მონაცემები ე.წ. ‘სქრეიფინგის’ მეშვეობით, R-ის გამოყენებით ჩამოვტვირთეთ და გავწმინდეთ.‘სიტყვების ღრუბელი’ Tableau-ში შეიქმნა, ხოლო სიტყვების თანხვედრის გრაფები voyant-tools.org-ზე დაგენერირდა. საბოლოო შედეგები Adobe Illustrator-ში ვიზუალური დეტალებისთვის დავამუშავეთ.

ვაკანსიების სივრცითი ანალიზი ბიზნესს საშუალებას მისცემს გაიგოს თუ რომელ რეგიონში რა ტიპის ვაკანსიები ჭარბობს. ეს კომპანიებს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებათ, ვინაიდან ეცოდინებათ რომელ რეგიონში რა ტიპის პოზიციაზეა მოთხოვნა.

რუკაზე (ილუსტრაცია 4) ჩანს ვაკანსიების სივრცითი განაწილება და ძირითადი თავმოყრის წერტილები. ვაკანსიების უმეტესობა თბილისში, ბათუმსა და ქუთაისშია თავმოყრილი და სხვა შემთხვევაში — მუნიციპალურ ცენტრებში. ანალიზმა აჩვენა, რომ ჩამოთვლილ სამ ქალაქში ვაკანსიების კატეგორიები მეტ-ნაკლებად თანაბრადაა გადანაწილებული, რეგიონებში კი სამი კატეგორიაა წამყვანი: საბანკო სექტორი, გაყიდვები და ტურიზმი. იგივე წამყვანი კატეგორიები გვხვდება ქვეყნის მასშტაბითაც.

ილუსტრაცია 4. ინტერაქტიული რუკის სქრინი. წრის ზომები ვაკანსიების რაოდენობას აღნიშნავს


ავტორები

ირაკლი ქავთარაძე

R, ადამიანის ქცევის ახსნა ევოლუციური თეორიებითა და დიდი მონაცემებით

ლიკა ჟვანია

GIS, R & Python, სივრცითი მონაცემების ანალიზი და ვიზუალიზაცია

გიორგი კანკია

GIS & Python, ურბანული ქსელები, ინფრასტრუქტურა და ქალაქის ყოველდღიური ცხოვრება


მოგწონს რასაც ვაკეთებთ?

გამოხატე მხარდაჭერა

გარეკანზე გამოყენებული ფოტო: freepik

მასალის გამოყენების შემთხვევაში, იხელმძღვანელეთ ციტირების წესების მიხედვით

2