ემიგრანტების წილი ქვეყნის ეკონომიკაში მუდმივად იზრდება
საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ 2024 წელს 3.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2023 წელთან შედარებით, დაახლოებით, 790 მილიონი აშშ დოლარით, 20%-ით არის შემცირებული.
2024 წელს, ფულადი გზავნილები საქართველოს ეკონომიკის მიერ შექმნილი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 13.5%-ის შეადგენდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქვეყნის ეკონომიკას, მნიშვნელოვანწილად, ემიგრაციაში წასული თანამოქალაქეები ასულდგმულებენ საქართველოში გამოგზავნილი ფინანსებით.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო ამ მაჩვენებლით, 2023 წლის მდგომარეობით, 23-ე ადგილზეა მსოფლიოში. შედარებისთვის, ემიგრანტების ფულად გზავნილებზე უფრო ნაკლებადაა დამოკიდებული ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა, მოლდოვა (12.2%), უკრაინა (8.4%), სომხეთი (6%) და აზერბაიჯანი (2.6%).
ფულადი გზავნილების რეკორდული მაჩვენებელი, 4.3 მილიარდი აშშ დოლარი 2022 წელს დაფიქსირდა.
ვიზუალი 1 - ფულადი გზავნილების ცვლილება (მილიარდი აშშ დოლარი).
გზავნილების ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევია 2017 წლიდან, როდესაც საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო და ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობებიც გაჩნდა (დიაგრამა 2).
ვიზუალი 2 - ფულადი გზავნილების ცვლილება მშპ-ის წილში
2017 წლიდან, ევროკავშირის ათი ქვეყნიდან გამოგზავნილი ფულადი რესურსების ხვედრითი წილი მშპ-ის მოცულობაში, მნიშვნელოვნად იზრდებოდა და პიკს 2021 წელს მიაღწია 918 მილიონი აშშ დოლარით (მშპ-ის 4.86%). ამის პარალელურად, მცირდებოდა რუსეთის წილი, თუმცა ეს მაჩვენებელი საგრძნობლად შეიცვალა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.
2022 წელს ფულადი გზავნილები რუსეთიდან, წინა წელთან შედარებით, 5-ჯერ გაიზარდა და მშპ-ის 8.27% შეადგინა, დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარით. რუსი მიგრანტების ტალღის გათვალისწინებით, ეს ზრდა სავსებით ლოგიკურია. ამავე წელს, ევროკავშირის წილი 1 მილიარდი აშშ დოლარით განისაზღვრა (მშპ-ის 4%). 2023 წელს ფულადი გზავნილები რუსეთიდან კლების ტენდენციას დაუბრუნდა, ხოლო 2024 წელს, მშპ-ის წილით, ომამდელ მაჩვენებელზე დაბლა დაეშვა - 1.81% (541 მილიონი აშშ დოლარი). ეს სავარაუდოდ, მეტწილად, რუსი მიგრანტების უკან დაბრუნებას უკავშირდება.
2023 წელს ზრდის ტენდენციას დაუბრუნდა გზავნილების მოცულობა ევროკავშირიდან, ხოლო გასულ წელს მან მშპ-ის 4.14% შეადგინა 1.3 მილიარდი აშშ დოლარით.
სტაბილურად, თუმცა ევროკავშირთან შედარებით, ნაკლები ტემპით იზრდებოდა აშშ-სა და კანადის წილიც საერთაშორისო ფულად გზავნილებში. 2022 წლის მცირე კლების შემდეგ, აშშ-დან და კანადიდან გამოგზავნილი ფინანსური რესურსების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს, 600 მილიონი აშშ დოლარს, გასულ წელს მიაღწია (ვიზუალი 2).
2021-2022 წლებში, სამჯერ გაიზარდა ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა, ხოლო 2022 წლის შემდეგ, მშპ-ის წილსა და აბსოლუტურ რიცხვებში, აქ კვლავ კლება ფიქსირდება (ვიზუალი 2).
ვიზუალი 3 - ფულადი გზავნილები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან.
ცენტრალური აზიის ცალკეული ქვეყნების დაკვირვება ცხადყოფს, რომ ეს ცვლილება არც ისე სწორხაზოვანია და ტალღისებური ფორმა აქვს, რითიც ძალიან წააგავს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთიდან გზავნილების ტენდენციას (ვიზუალი 3).
2023-2024 წლებში, საგრძობლად გაიზარდა ფულადი გზავნილები იორდანიიდან (+45%), საუდის არაბეთიდან (+23%), არაბთა გაერთანებული საემიროებიდან (+16%) და ისრაელიდან (16%).
საინტერსოა ერაყის შემთხვევა. ფულადი გზავნილები 2023-2024 წლებში პერიოდში 70%-ითაა შემცირებული. აქ ყურადღებას იპყრობს ის ფაქტი, რომ 2017-2022 წლებში, ფულადი გზავნილები ერაყიდან ყოველწლიურად მცირდებოდა, თუმცა 2023 წელს, ერთწლიან პერიოდში, გზავნილების მოცულობა 4-ჯერ გაიზარდა და 20 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.
ვიზუალი 4 - ფულადი გზავნილები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან.
უკრაინიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2017 წლიდან, სტაბილურად იზრდებოდა. ამ მაჩვენებლმა პიკს, 2022 წელს მიაღწია 110 მილიონი აშშ დოლარით, რის შემდეგაც, მომდევნო ორ წელიწადში, ერთ მილიონსაც ვეღარ მიაღწია (ვიზუალი 4).
მეთოდოლოგია
ეკონომისტების აზრით, ფულადი გზავნილები ეკონომიკას პირდაპირ არ ემატება - გამოგზავნილი თანხა დახარჯვის შემდეგ აღირიცხება მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ). საქართველოს შემთხვევაში, გამოგზავნილი თანხის 90% ეკონომიკაში ამ ფორმით მიედინება. მშპ-თან მიმართებით, ჩვენს გამოთვლაში ეს ფაქტორი გათვალისწინებული არ არის და იგი გამოგზავნილი თანხების სრულ რაოდენობას ეყრდნობა.
2024 წლის მშპ სამ კვარტალზეა გათვლილი (საქსტატის წინასწარი მონაცემებით).
მონაცემები: საქართველოს ეროვნული ბანკი | 2025; საქსტატი | 2025
ეს ანალიზი მომზადდა პროექტ "FLEXIBLE RESPONSE" ფარგლებში, NEW DEMOCRACY FUND-ის მხარდაჭერით. ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს დონორის პოზიციას.
მეტი დეტალისთვის ეწვიეთ ჩვენი პროექტების გვერდს.
