რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს ყველაზე მჭიდრო სოციალური კავშირები?
Social Connectedness Index (SCI) არის მეტას (ყოფილი Facebook) მიერ შექმნილი ინდექსი, რომელიც ზომავს სოციალური კავშირების ინტენსივობას გეოგრაფიულ ლოკაციებს შორის - ქვეყნების ან რეგიონების მასშტაბით.
ეს ინდექსი ეფუძნება Facebook-ის მომხმარებლების მეგობრობის ქსელებს, რომლებიც ანონიმიზებულია მონაცემების დაცვის მიზნით.
ეს მონაცემები განსაკუთრებით ღირებულია სოციალური ურთიერთობების, მობილობის, სავაჭრო ურთიერთობების ან სხვა გეოგრაფიული და სოციალური პროცესების შესასწავლად.
ამის მაგალითია სოციალური ურთიერთობების ანალიზი საქართველოსა და სხვა ქვეყნებს, ან ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის. ეს საშუალებას გვაძლევს უკეთ დავინახოთ სოციალური კავშირების სივრცითი განაწილება როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ.
საქართველოსთან ყველაზე მჭიდრო სოციალური კავშირების მქონე ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება:
სომხეთი;
საბერძნეთი;
აზერბაიჯანი;
კვიპროსი;
ბელარუსი;
იტალია;
უკრაინა;
მალტა;
ესტონეთი;
ლატვია.
ინდექსი მაღალია ასევე შემდეგ ქვეყნებში: პოლონეთი, გერმანია, ისლანდია, თურქეთი, ლიეტუვა და ა.შ.
მაღალი სოციალური კავშირები, მეტწილად, ემთხვევა ქართველთა ემიგრაციის ტენდენციებს.
სოციალური კავშირები საქართველოს რეგიონებსა და ევროპასა და თურქეთის რეგიონებს შორის.
საქართველოს 12 რეგიონის სოციალური კავშირები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებთან განსხვავებულია. აჭარა და შიდა ქართლი მჭიდროდ არიან დაკავშირებული თურქეთთან და საბერძნეთთან, ხოლო გურია და იმერეთი იტალიასთან, პოლონეთთან და გერმანიასთან.
სოციალური კავშირები საქართველოს რეგიონებსა და აშშ-ს შორის - ქალაქები, ოლქები და შტატები.
საქართველოსა და აშშ-ს ოლქებს შორის სოციალური კავშირები განსაკუთრებით მჭიდროა ნიუ-იორკის, ვირჯინიის და კალიფორნიის ოლქებში. ზოგადად,კავშირები სივრცითად საკმაოდ განფენილია და მრავალი ოლქი, სადაც მაღალი ინდექსებია, შორსაა საქართველოს საარჩევნო უბნებიდან, რაც ხელს უშლის მონაწილეობის პროცესს.
შტატების დონეზე გამოთვლილია ინდექსის საშუალო მაჩვენებლები. ამ მასშტაბში ნიუ-ჯერსი და ნიუ-იორკი და მათი მიმდებარე რამდენიმე შტატი გამოირჩევა მაღალი სოციალური კავშირებით (>50 000), რაც დიასპორების რაოდენობითაა განპირობებული. კალიფორნიაც მნიშვნელოვანი კავშირების მქონე შტატია, თუმცა ბევრ რეგიონში კავშირების ინტენსივობა შედარებით დაბალია.
ხშირ შემთხვევაში, არასრული, განუახლებელი ან საერთოდაც, ხელმიუწვდომელი მონაცემების პირობებში, სოციალური კავშირების ინდექსი გვიქმნის მიგრაციის სხვადასხვა ტიპისა და ხასიათის შესახებ, ირიბ, თუმცა საკმაოდ სანდო წარმოდგენას.
მეთოდოლოგია
SCI გამოითვლება ორ ლოკაციას შორის მეგობრული კავშირების რაოდენობის მიხედვით. მაგალითად, თუ ორი რეგიონის (i და j) შორის მეგობრული კავშირი მაღალია, მაშინ ეს რეგიონები უფრო მჭიდრო სოციალურად დაკავშირებულად ითვლება. ამ გამოთვლისთვის გამოიყენება Facebook-ის მომხმარებლების რაოდენობა ამ ორ რეგიონში და მათი მეგობრობის კავშირების რაოდენობა. ინდექსი შემდეგ სკალირდება ისე, რომ მაქსიმალური მნიშვნელობა იყოს 1,000,000,000, რაც წარმოადგენს ლოკაციებს შორის ყველაზე მჭიდრო კავშირებს, ხოლო მინიმალური მნიშვნელობა 1. ეს გვიჩვენებს, თუ რამდენად სავარაუდოა, რომ კონკრეტული რეგიონის მომხმარებელი მეგობარი იყოს სხვა რეგიონის მომხმარებელთან შედარებით.
ეს ანალიზი მომზადდა პროექტ "FLEXIBLE RESPONSE" ფარგლებში, NEW DEMOCRACY FUND-ის მხარდაჭერით. ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს დონორის პოზიციას.