პოლიტიკური პოლარიზაცია თბილისში მდინარე მტკვრის სანაპიროებს მიუყვება
არჩევნების შედეგების საეჭვოობის მიუხედავად, ეს მონაცემები საკმაოდ საინტერესო ტენდენციებს გვიჩვენებს სივრცითი თვალსაზრისით. თბილისი, მრავალი ფაქტორით, ორ ქალაქად იყოფა. როგორც ბოლო არჩევნებმა აჩვენა, ის პოლიტიკურადაც პოლარიზებულია და აქაც ძირითადად, ორ ნაწილად, მდინარე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებად იყოფა.
თბილისში, ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ, ჯამში 4%-მდე სხვაობით აჯობა "ქართულ ოცნებას". საარჩევნო უბნების მიხედვით, ხმების განაწილების შედეგებს თუ შევხედავთ, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, პოლიტიკური პოლარიზაცია, მტკვრის სანაპიროებს მიუყვება.
აგრეგირებული მონაცემების მიხედვით, ნათლად იკვეთება ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხარდამჭერთა კლასტერები. მარჯვენა სანაპიროს ცენტრალურ უბნებში, გლდანში და შედარებით, უფრო მცირე მასშტაბით, ნავთლუღსა და ვარკეთილში, თვალშისაცემია ოპოზიციის მომხრეთა კონცენტრაცია. ამის საპირისპიროდ, მარცხენა სანაპიროს მჭიდროდ დასახლებულ უბნებში, "ქართული ოცნების" მომხრეთა რაოდენობა საგრძნობლად მეტია. გარეუბნებში და სააგარაკო დასახლებებშიც "ოცნების" მომხრეები არიან მრავლად.
ხმების რაოდენობის მიხედვით, ოპოზიციის მომხრეები, ქალაქის საზღვრებში, უფრო კომპაქტურადაა კონცენტრირებული. ხაზოვანი კონტურები გვიჩვენებს ოპოზიციის მხარდაჭერის პიკურ ადგილებს ხმების რაოდენობის მიხედვით.
ოპოზიციისგან განსხვავებით, ხელისუფლების მხარდაჭერა, სივრცეში უფრო გაშლილია. მათ ცენტრალურ უბნებშიც საკმაოდ მაღალი რაოდენობის ხმები მიიღეს, როგორც ამას მწვანე ფერის კონტურები გვიჩვენებს, თუმცა ამ არეალებში, ეს მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი გამარჯვებისთვის.
სამაგიეროდ, იმ უბნებში, სადაც შედარებით ნაკლები რაოდენობის ხმა მიიღეს, ოპოზიციას მაინც საგრძნობი სხვაობით მოუგეს. ეს, ამ უბნებში ოპოზიციის ძალიან დაბალ რეიტინგზე მიუთითებს.
ხელახალი არჩევნების შემთხვევაში, სწორედ ამ უბნებშია საჭირო ოპოზიციური ძალისხმევის განსაკუთრებულად მიმართვა. განსაკუთრებით აუცილებელია, ამ უბნებში მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვის მიტანა ამომრჩევლებამდე.
მეთოდოლოგია
აგრეგირებული ანალიზისთვის, საარჩევნო უბნების მონაცემები დაჯამებულია 500 მეტრიან არეალებში, რაც უფრო მკაფიოდ აჩვენებს სივრცით ტენდენციებს. კონცენტრაციის ანალიზი ეყრდნობა მონაცემებს საარჩევნო უბნების დონეზე.
ეს ანალიზი მომზადდა პროექტ "FLEXIBLE RESPONSE" ფარგლებში, NEW DEMOCRACY FUND-ის მხარდაჭერით. ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს დონორის პოზიციას.