საპატრიარქო და ტყის ახალი კოდექსი

მოსალოდნელი შედეგები და სივრცითი ანალიზი ადგილობრივ მასშტაბში

8 წუთის საკითხავი


ტყე, ბუნების სხვა ელემენტებთან ერთად, მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს. ერთი მხრივ, იგი როგორც ბიოლოგიურად მრავალფეროვანი, მიწისზედა ეკოსისტემის ნაწილი, უზრუნველყოფს ჯანსაღი ბუნებრივი გარემოს შექმნას. მეორე მხრივ, ტყე მოიაზრება სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, ერთ-ერთ მნიშვნელოვან რესურსად. ტყე ასრულებს ფუნდამენტურ როლს როგორც მდგრადი ბუნებრივი გარემოს, ისე საზოგადოების ფორმირებაში. ამდენად, ტყის რესურსის მართვის პრინციპებს და მასზე დაწესებულ რეგულაციებს არსებითი მნიშვნელობა ენიჭება.
1. შესავალი
საქართველოში წარმოდგენილი ტყის საფარი ქვეყნის საერთო ფართობის 40%-ს შეადგენს და მოცემული რესურსით საყოველთაო სარგებლობა (მდგრადობის პრინციპების გათვალისწინებით) უზრუნველყოფილია კონსტიტუციით (მუხლი 29). გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს პარლმენტმა ახლახანს დაამტკიცა ტყის კოდექსის კანონპროექტი, რომელიც უნდა ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებთან ერთად (მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ტყის პროდუქტებით სარგებლობა), აღნიშნული კანონპროექტი ეხმიანება საკუთრების საკითხს და ტყეზე საკუთრების ახალ ფორმებს გვთავაზობს. კერძოდ, სახელმწიფო და მუნიციპალურის გარდა, დაშვებული იქნება კერძო ტიპის საკუთრება. ამასთან, კანონპროექტი, საქართველოს საპატრიარქოს ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებას და მისი სურვილის შემთხვევაში, საკუთრებაში გადასცემს ტყის გარკვეულ ნაწილს:
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ტყის ნაწილი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში გადაეცემა “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით — საქართველოს ტყის კოდექსი; მუხლი 15.
ასევე:
…შესაძლებელია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეთა ფართობები -თითოეულ შემთხვევაში არაუმეტეს 20 ჰექტარისა, აგრეთვე, საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები… — „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; მუხლი 6.
გარდა იმისა, რომ კოდექსი ხელყოფს სახელმწიფო საკუთრებას და მნიშვნელოვან ბუნებრივ რესურსს, იგი ასევე უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს ადგილობრივ მოსახლეობას ტყის რესურსებით სარგებლობის კუთხით. ამ სტატიაში ვცდილობ, სივრცითი ანალიზის საფუძველზე, შევაფასო კანონპროექტის სავარაუდო შედეგები.
2. მეთოდოლოგია
მოცემული ანალიზი ეყრდნობა საჯარო ინფორმაციას. ტყის საფარის მონაცემები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერაა შექმნილი და განთავსებულია ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასზეც. მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების შესახებ ინფორმაცია ინტერნეტ წყაროს ეყრდნობა (გარდა მცირე ნაწილისა, რომელიც იდენტიფიცირდა Google Maps საშუალებით). შეგროვებული მონაცემები გამოვსახე გეოგრაფიულად (ჯამში 405 ეკლესია-მონასტერი). დემოგრაფიული მონაცემები საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერას ეყრდნობა (საქსტატი, 2014).
აღსანიშნავია, რომ კანონით არ არის განსაზღვრული თუ რა ზომის ტერიტორია მოიაზრება ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყედ. მსგავსი ფორმულირებეა რასაკვირველია, სპეკულაციის საშუალებას იძლევა და შესაძლოა, თითოეული ეკლესიის შემთხვევაში განსხვავებული ზომის ტერიტორია იქნას დადგენილი. ამ ანალიზში ავსახე მხოლოდ ის ეკლესია-მონასტრები, რომელთა მაქსიმალური რადიუსი მიმდებარე ტყის კონტურამდე არის 500 მეტრი. ჯამში, 252 ასეთი ეკლესია-მონასტერი გამოვლინდა; აქედან, 19.8% (50 ერთეული) უშუალოდ ტყეში მდებარეობს, ხოლო 44.4% (112 ერთეული) ტყის კონტურამდე დაშორებულია 100 მ-მდე მანძილით. შედეგად, მათი უმრავლესობა – 64.2%, ტყეში, ან ტყესთან ძალიან ახლოს, მდებარეობს. დანარჩენი – 35.2%, 100-დან 500 მ-მდე მანძილით არის დაშორებული, რაც, ახლო მანძილად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ანალიზისთვის შერჩეული მანძილი პირობითია და ვფიქრობ, წარმოადგენს მინიმალურ ზღვარს, თუ რა რადიუსი შეიძლება იქნას აღქმული ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტერიტორიად.

ანალიზი, თავისთავად, არ არის სრული რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით:

  1. ტყის საფარის სახით გამოყენებული ინფორმაცია ტყის ბუნებრივ კონტურს წარმოადგენს, თუმცა, ასევე არსებობს სახელმწიფო ტყის ფონდი, რომლის საზღვრებიც არ მოდის სრულ თანხვედრაში ტყის ბუნებრივ საფართან. ამასთან, კოდექსის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრამდე უნდა მოხდეს სახელმწიფო ტყის საზღვრების კორექტირება (საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 96);
  2. მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების რაოდენობა სავარაუდოდ ბევრად მეტია, ვიდრე მოძიებული მონაცემი;
  3. არ არსებობს დეტალურად შემუშავებული და სამართლებრივად დადგენილი მექანიზმები, საქართველოს საპატრიარქოსთვის ტყის ფართობის გადაცემის პირობებთან დაკავშირებით.

ილუსტრაცია 1. ბუნებრივი რესურსების და მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების სივრცითი განაწილება საქართველოში

3. სივრცითი განაწილება – ტყე და ეკლესია

ილუსტრაცია 1 ასახავს ერთი მხრივ, ბუნებრივი რესურსების – ტყისა და ჰიდროგრაფიის, და მეორე მხრივ, მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების სივრცით განაწილებას სამხარეო საზღვრების ფარგლებში. პირველ რიგში თვალსაჩინოთ იკვეთება ბუნებრივი რესურსების არათანაბარი რეგიონული განაწილება. ტყის საფარით უმეტესწილად დაფარულია ქვეყნის დასავლეთ ნაწილი. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, გარკვეული მონაკვეთებისა გარდა, ტყის რესურსი მცირეა. რაც შეეხება ეკლესია-მონასტრებს, ისინი ყველა რეგიონში არის წარმოდგენილი. ეს გარემოება საქართველოს საპატრიარქოს აძლევს ძალიან კარგ შესაძლებლობას, დაეუფლოს ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) ეკლესიების მიმდებარე ტყის კიდევ უფრო მნიშვნელოვან ფართობს. გარკვეულ არეალებში, ეკლესიების მაღალი კონცენტრაცია, სავარაუდოდ გამოიწვევს იქ მოზრდილი ზომის საკუთრებების წარმოქმნას. შესაბამისად, ისეთ რეგიონებში, სადაც მცირეა ტყის რესურსი და დიდი რაოდენობით ეკლესიებია წარმოდგენილი, საპატრიარქოსთვის პოტენციურად გადასაცემი ტყის ფართობის ხარჯზე, მნიშვნელოვნად შემცირდება სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტყე. ეს თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეუზღუდავს ადგილობრივ მოსახლეობას ისედაც მწირი რესურსით სარგებლობის შესაძლებლობას. ამ მხრივ, უკვე არსებობს ადგილობრივ მოსახლეობასა და სასულიერო პირებს შორის დაპირისპირების შემთხვევები. რუკაზე (ილ. 1) კლასტერების სახით არის წარმოდგენილი ორი არეალი, ძამას ხეობასა და ბოდბის ეპარქიებში, სადაც უთანხმოების საგანი ადგილობრივი მიწებია.

სახელმწიფოს გარდა ტყის მესაკუთრე შესაძლოა იყოს მუნიციპალიტეტიც. ამიტომ, ადგილობრივ დონეზე შეფასება მეტად მნიშვნელოვანია. ილუსტრაცია 2-ზე წარმოდგენილია ორი რუკა, რომელთაგან პირველი გვიჩვენებს მუნიციპალიტეტის საზღვრებში მოქცეული ტყის რესურსის შეფარდებას მის საერთო ფართობთან, ხოლო მეორე, მუნიციპალიტეტებში საპატრიარქოს ტყის პოტენციური რესურსის განაწილებას. მუნიციპალიტეტებში ტყის რესურსის განაწილების მაჩვენებლები განსხვავებულია და სამი ძირითადი ჯგუფი გამოიყოფა, სადაც ტყეს მთლიანი ფართობის პროცენტული წილი უჭირავს: 1. 10%-ზე ნაკლები (ჯამში ასეთი 12 მუნიციპალიტეტია); 2. 11–50% (39 მუნიც.); 3. 50%-ზე მეტი (19 მუნიც.). ხოლო, ერთი მუნიციპალიტეტის საზღვრებში ტყის საფარი არ ვრცელდება. ამგვარად, ტყის რესურსის გეოგრაფიული განაწილება ადგილობრივ ერთეულებს შორის არათანაბარია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ საზღვრებში წარმოდგენილი ტყე არ გულისხმობს, რომ მისი მესაკუთრე მუნიციპალიტეტია. კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის კრიტერიუმების განსაზღვრა და მისი მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის წესების შემუშავება 2030 წლის 1 იანვრამდე (ტყის კოდექსი, მუხლი 95).

ილუსტრაცია 2. ტყის რესურსების შეფასება მუნიციპალიტეტის მიხედვით.

ამ ილუსტრაციაზე, მეორე რუკა გვიჩვენებს საპატრიარქოს რესურსს მუნიციპალიტეტის რესურსთან შეფარდებით. არსებული სურათის მიხედვით, 17 მუნიციპალიტეტში, ტყიდან 500 მ რადიუსში არ არსებობს ეკლესია-მონასტრები. დანარჩენ 54 მუნიციპალიტეტში კი არსებობს საპატრიარქოსთვის ტყის პოტენციური რესურსი. 38 მუნიციპალიტეტში საპატრიარქოს ტყის რესურსის ხვედრითი წილი 1%-მდეა. ეს არის მუნიციპალიტეტები, სადაც ტყე დიდ ტერიტორიაზე გვხვდება (50%<), ან ეკლესია-მონასტრები მცირე რაოდენობით არის წარმოდგენილი. 16 მუნიციპალიტეტში კი საპატრიარქოს რესურსი 1%-79% შორისაა (მაგალითად, ქ.ახალციხე). მოცემული ორი რუკის შედარება თვალსაჩინოს ხდის, რომ რიგ შემთხვევებში, სახელმწიფო/მუნიციპალური ტყის ფართობის მკვეთრი შემცირება სწორედ საპატრიარქოსთანაა კავშირში.

ყურადსაღებია ასევე, ტყის მართვის მოდელის რამდენიმე ასპექტი:

  1. მუნიციპალიტეტის საზღვრებში წარმოდგენილი სხვადასხვა სტატუსის მქონე ტყის მიმართ შესაძლოა განსხვავებული მართვითი ღონისძიებები იქნას გატარებული — მუხლი 21, პუნქტი 5.
  2. გაურკვეველია კერძო საკუთრებაში არსებულ ტყეზე ზედამხედველობის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა (მუხლი 22, პუნქტი 1).
  3. გაურკვეველია სტიქიური მოვლენების დროს, კერძო მესაკუთრის როლი და პასუხისმგებლობა – კოდექსის თანახმად, ტყის მართვის ორგანო მონაწილეობს ტყეში სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებებში, თუმცა არ არის მითითება კერძო მესაკუთრის პასუხისმგებლობაზე. ასევე, საინტერესოა 74-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს საპატრიარქოსთვის დამატებითი ფინანსური დანახარჯები დაშვებულია.
სტიქიური მოვლენებიდან, აქტუალურია ხანძარი (საქართველოში ხანძრების გავრცელების სივრცითი ანალიზის შესახებ). ხანძრების გავრცელების რუკაზე სტიქიის სიხშირე თვალსაჩინოა. ასევე, ვხედავთ, რომ ხანძრების გავრცელება 2014–2018 წლებში ძალზედ მაღალი იყო იმ არეალებში, სადაც საპატრიარქოს პოტენციური რესურსი დიდია. ხანძრით დაზიანებულ ტყესთან მიმართებაში გასატარებელი ღონისძიებები სპეციფიურია, რადგან ტყის საფარის აღდგენა საკმაოდ რთული პროცესია. საპატრიარქოს კომპეტენციის ფარგლებში, რამდენად მართებული ღონისძიებების გატარებას უნდა ველოდოთ მსგავს ვითარებაში კითხვის ნიშნებს ბადებს. მით უფრო, მოცემული ღონისძიებები დამატებით დანახარჯებს მოითხოვს, რაც, დიდი ალბათობით, ისევ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიფარება. შედეგად, ჩნდება კითხვა, თუ რატომ უნდა ფლობდეს კონკრეტული ინსტიტუცია ბუნებრივ რესურსს, ზღუდავდეს მოსახლეობის მიერ მისით სარგებლობის უფლებას და ამასთან, ვერ უზრუნველყოფდეს მის კონსერვაციას და დაცვა/აღდგენისათვის მნიშვნელოვან ღონისძიებებს.
4. ტყის რესურსი ერთ სულ მოსახლეზე

ტყის ერთ სულ მოსახლეზე განაწილება არის ერთ-ერთი კრიტერიუმი ტყის რესურსზე ადამიანური ზემოქმედების შესაფასებლად. ქვეყნის, როგორც „ტყით მდიდარი“ ან „ტყით ღარიბი“, შეფასებისას, საგულისხმოა გარკვეული გარემოებების გათვალისწინება და რესურსის არა ერთიანობაში, არამედ ერთ სულ მოსახლეზე დაფუძნებით გაანალიზება. ზოგადად, ტყე განსხვავდება ტიპისა და გარემო პირობების მიხედვით. მაგალითად არსებობს მშრალი, ნელა ზრდადი, მეჩხერი, მჭიდრო, მაღალპროდუქტიული ტენიანი და სხვა ტიპის ტყეები. ასევე, მნიშვნელოვანია ტყის პროდუქტების გამოყენებისა და მასზე დამოკიდებულების, მის ჩამნაცვლებელ სხვა პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის და წარმოების მოცულობის შეფასება. ტყის ფართობის განაწილება ერთ სულ მოსახლეზე აღწერს ტყეზე ზემოქმედების მხოლოდ ერთ ელემენტს (Constance L. McDermott et al., 2010).

ამდენად, ერთ სულზე განაწილებული ტყის ფართობის მაღალი მაჩვენებლების შემთხვევაშიც კი, ბუნებრივი პირობების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, შესაძლოა უარყოფითი იყოს ტყეზე, და ზოგადად ბუნებაზე, ადამიანური ზემოქმედება. ტყის დიდი ფართობი თავისთავად არ გულისხმობს მასში არსებული პროდუქტების დიდ რესურსს და სხვა დამატებითი გარემოებების უგულვებელყოფის შემთხვევაში, შესაძლოა არარაციონალურად მოხდეს მისი მოხმარება. ხოლო, მცირე რესურსის შემთხვევაში კიდევ უფრო იზრდება ამის რისკი. საპატრიარქოსთვის გადაცემული ტყის ტერიტორიაზე შეიზღუდება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ტყის პროდუტების გამოყენება, რადგანაც კერძო ტიპის ტყეზე დაშვებულია მხოლოდ მოსახლეობის თავისუფლად გადაადგილება (თუმცა, შესაძლოა შეიზღუდოს გარკვეული დაცვითი/აღდგენითი სამუშაოების პერიოდში), ხოლო, ტყის პროდუქტების გამოყენება დაუშვებელია. შესაბამისად, შემცირებულ ტყის ფართობზე გაიზრდება დატვირთვა, რაც თავისთავად გაზრდის ბუნებაზე ადამიანურ ზემოქმედებას.

ილუსტრაცია 3. ტყის რესურსის ერთ სულ მოსახლეზე შემცირება, საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის შემთხვევაში

ილუსტრაცია 3 ასახავს ერთ სულ მოსახლეზე ტყის ფართობის შემცირების მაჩვენებლებს (%) საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის შემთხვევაში. ასევე, ერთ სულზე განაწილებულ ფართობს (კვ.მ) არსებულ და ცვლილებით გამოწვეულ შემთხვევებში. მუნიციპალიტეტების უდიდეს ნაწილში მცირდება მაჩვენებელი, თუმცა რამდენიმე მათგანში უკიდურესად იკლებს ერთ სულზე განაწილებული რესურსი. მაგალითად, ქალაქ ახალციხეში, სადაც ისედაც მცირეა მაჩვენებლი – ერთ სულზე 14.2 კვ.მ, კრიტიკულად იკლებს (78.65%) და შეადგენს 3 კვ.მ-ს. უნდა აღინიშნოს, რომ ერთ სულ მოსახლეზე რესურსის მნიშვნელოვანი კლება ძირითადად ქალაქებში შეინიშნება, სადაც ურბანული ტყე დამატებითი ღირებულების და მნიშვნელობის მქონეა და ამავდროულად, ისედაც დეფიციტურია.
5. საპატრიარქოს გაცხადებული ინტერესი უძრავ ქონებაზე
ქვემოთ წარმოდგენილი გრაფიკული ანალიზი (ილ. 4) თვალსაჩინო ილუსტრირებაა იმისა, რომ საპატრიარქოს დინამიურად მაღალი ინტერესი გააჩნია უძრავ ქონებასთან მიმართებით. ანალიზი ეყრდნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე მოძიებულ ინფორმაციას და მოიცავს 2006 წლიდან 2020 წლის მარტის თვემდე პერიოდში უძრავ ქონებაზე გაკეთებულ განაცხადებს. მონაცემებში „წელი“ გულისხმობს საჯარო რეესტრში განაცხადის შეტანის თარიღს.

ილუსტრაცია 4. საპატრიარქოს მიერ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების სტატისტიკა

პირველ რიგში, თვალსაჩინოა, რომ საკუთრებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში მიმართვიანობის პროცესი 2009 წლიდან გააქტიურდა და თითქმის ინარჩუნებს ტენდენციას, თუმცა, მაჩვენებლები გარკვეულ წლებში გამოკვეთილად მაღალია.

მეორე ვიზუალი აჯამებს განაცხადის ტიპებს. (მოძიებული განაცახდების ტიპები დაჯგუფებულია 5 ძირითად კატეგორიად, იხ. დეტალურად). როგორც ვხედავთ, საპატრიარქოსთვის უძრავი ქონების ჩუქება/გადაცემა მთელი ამ პერიოდის მანძილზე აქტუალური იყო. საინტერესოა ის გარემოება, რომ, თუკი 2016 წლამდე ძირითადად რეგისტრაციისა და არსებულ რეგისტრაციებში ცვლილების განხორციელების მიზნით ხდებოდა განაცხადების შეტანა, 2016 წლიდან, დაიწყო რეგისტრაციის მოთხოვნა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში და ამ ტიპის განაცხადების რაოდენობამ პიკს მიაღწია 2019 წელს. სახელმწიფო პროექტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ტიპი ამტკიცებს მოსაზრებას, რომ სახელმწიფოს მხრიდან მაღალია კონკრეტული რელიგიური ინსტიტუციის მიმართ მხარდაჭერა.

მესამე გრაფიკზე ნაჩვენებია საპატრიარქოს განაცხადებაზე მიღებული გადაწყვეტილებების პროცენტული განაწილება. სტატუსი „დასრულებული“ გულისხმობს განაცხადის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. რაც შეეხება სტატუსებს — „შეწყვეტილი“, „უარი“, ანალიზში არ არის წარმოდგენილი ამ გადაწყვეტილებათა მიზეზი. როგორც ვხედავთ, უმრავლეს შემთხვევაში მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. განაცხადის მოთხოვნაზე უარი პროცენტულად ძალზედ მცირეა წლების მანძლზე, გარდა მაჩვენებლის მცირედით გაზრდისა, 2019 წელს. შეწყვეტის სტატუსი ასევე მცირე წილითაა წარმოდგენილი, თუმცა, 2016–2019 წლებში შედარებით გაიზარდა და 2019 წელს თითქმის 1/5 შეადგინა. რაც შეეხება, მიმდინარე განაცხადებს, მხოლოდ 2017–2020 წლებში დარეგისტრირებული განაცხადები არის განხილვის პროცესში. აქედან, 2017–2019 წლებში მათი განაწილება მცირეა. ხოლო, 2020 წელს, მაღალი პროცენტული მაჩვენებელი განპირობებულია იმით, რომ მონაცემები 2020 წლის მარტის თვეში იქნა მოპოვებული, როცა კალენდარული წელი ახალი დაწყებული იყო. განაცხადების სივრცითი განაწილება გვიჩვენებს, რომ რაოდენობრივად ყველაზე მეტი განაცხადი ქ. თბილისში არსებულ უძრავ ქონებაზე გაკეთდა. ასევე, შედარებით მაღალია დედაქალაქის მიმდებარე მუნიციპალიტეტებში გაკეთებული განაცხადები. თუმცა, ყველა მუნიციპალიტეტი (გარდა ორისა) მოიცვა ამ პერიოდში დარეგისტრირებულმა განაცხადებმა.
ამგვარად, უძრავი ქონების განაცხადების შეფასება ქმნის ვარაუდის საფუძველს, რომ საპატრიარქო გამოიყენებს ტყის კოდექსით მინიჭებულ პრივილეგიას და ტყის დარეგისტრირების ყველა შესაძლებლობას მიმართავს.
6. დასკვნა

ტყის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროა კოდექსის მეტად სიღრმისეულად გააზრება მრავალი კომპონენტის გათვალისწინებით, ვიდრე მოცემულ სტატიაში იქნა განხილული. თუმცა, მოცემული ანალიზი ცხადჰყოფს, რომ საქართველოს საპატრიარქოსთვის ამ უფლებამოსილების მინიჭება გარკვეული საფრთხეების შემცველია, რომელთაგან გამოიკვეთება შემდეგი:

  1. ტყის რესურსის მართვის მოდელი, რომელშიც ერთ-ერთი აქტორი არის რელიგიური ინსტიტუცია. გარდა ამისა, საპატრიარქო ექსკლუზიური სუბიექტია, რაც არასამართლიან გარემოს ქმნის სხვა რელიგიური უმცირესობების მიმართ.
  2. ტყის რესურსის სამართავად დაკისრებული პასუხისმგებლობის შესრულების მონიტორინგის სირთულე, რასაც მოწმობს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მიღებული გამოცდილებაც. კერძოდ, მსოფლიო პანდემიის პირობებში, საქართველოს საპატრიარქო აღმოჩნდა ერთადერთი ინსტიტუცია ქვეყანაში, რომელზეც არ გავრცელდა სამთავრობო რეგულაციები. ხოლო, ზედამხედველობის განხორციელება მუნიციპალიტეტების მიერ კიდევ უფრო კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საკითხს სუსტი თვითმმართველობების პირობებში.
  3. ქვეყნის მოსახლეობისთვის ტყით სარგებლობის უფლების შეზღუდვა. ამ მხრივ, საინტერესო იქნება მოსახლეობის ტყეზე დამოკიდებულების შეფასება.
  4. ბუნებრივ გარემოზე ადამიანური ზემოქმედების ზრდის რისკი. იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის მიერ ტყის პროდუქტების მოხმარების ინტენსივობა შენარჩუნდება ტყის შემცირებულ ფართობზე, შესაძლოა დაირღვეს ტყის რესურსების რაციონალურად გამოყენების პრინციპი.

ავტორი

ლიკა ჟვანია

GIS, R & Python, კარტოგრაფია, მონაცემთა ანალიზი და ვიზუალიზაცია


მოგწონს რასაც ვაკეთებთ?

გამოხატე მხარდაჭერა

გარეკანზე გამოყენებული ფოტო: ძველი შუამთა. წყარო: Georgia Travel Guide

მასალის გამოყენების შემთხვევაში, იხელმძღვანელეთ ციტირების წესების მიხედვით

0


 იხილეთ მსგავსი:

ეპიდემიის გავრცელების ფაქტორები

საპატრიარქოს საქართველო